საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლება

13-14 ივნისს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით  უკვე მეხუთედ განხორციელდება ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს 65 ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად გადაეცემა 450 ლარიანი ვაუჩერი, რომელთა განაღდებასაც ისინი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ 20-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის სტენდთან მოახერხებენ. პროექტს, რომელიც ამასთანავე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ქოლგის ქვეშ ხორციელდება, ოფიციალურად 13 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად გახსნის.

საქართველოს ცენტრალური  ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტის ფარგლებში წიგნების შესყიდვას ბიბლიოთეკარები ახორციელებენ ვაუჩერების საშუალებით. ბიბლიოთეკარებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ მათთვის სასურველი გამოცემები.

პროექტის მიზანია, ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს, საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის თავში მოიცავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც.

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

პარტნიორები