საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

საქართველოს ეროვნული სტენდი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე 2023

18-20 აპრილს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდი იყო წარმოდგენილი.

 

საქართველოს სტენდი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მეცხრედ იყო წარდგენილი და ტრადიციულად, ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

 

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე 4 ქართველი გამომცემელი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის გამომცემლობა ინტელექტი, პალიტრა L, სულაკაურის გამომცემლობა და პოლინომიალი.

 

საქართველოს ეროვნულ სტენდზე (6G24), რომელიც 12 კვ. მეტრს შეადგენს, წარმოდგენილი იყო ახალი ქართული გამოცემები, თარგმანები, ასევე ქართველი გამომცემლების, მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული კატალოგები. დამთვალიერებლებს სტენდზე 2016-2020 წლების ქართული წიგნის ბაზრის კვლევის ნახვაც შეეძლოთ.

 

ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, გამომცემლობა ინტელექტმა მწერალთა სახლთან და ევროკავშირის ლიტერატურულ პრემიასთან თანამშრომლობით, გამართა ღონისძიება „აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაცია: თარგმანში ნაპოვნი“. ღონისძიებას უძღვებოდნენ პროფესორი ოლჰა მუხა, საერთაშორისო პენ ცენტრის კონგრესის, კომიტეტებისა და ახალი ცენტრების მენეჯერი; ივა ფეზუაშვილი, მწერალი, საქართველოს პენ ცენტრის პრეზიდენტი; ტანია თუმა, საერთაშორისო პენ ცენტრის საბჭოს წევრი, სლოვენიის პენ ცენტრის პრეზიდენტი; ნინა მიურეი, მთარგმნელი. ღონისძიება გაიმართა ინგლისის პენ ცენტრის, ბრიტანეთის საბჭოს და პლატფორმა “ლიტერატურა საზღვრებს მიღმა” პარტნიორობით. 

 

ლონდონის წიგნის ბაზრობა 1971 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ფრანკფურტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წიგნის ბაზრობად ითვლება. ის აერთიანებს 25 ათასზე მეტ გამომცემელს, წიგნის გამავრცელებელს, ლიტერატურულ აგენტსა თუ მედიის წარმომადგენელს და ხელს უწყობს საგამომცემლო სფეროს განვითარებას, საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის პროცესს, სხვადასხვა ქვეყნების კულტურების დაახლოებას და ინტეგრაციას.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები