საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

წესდება

წესდება

მუხლი 1

ზოგადი დებულებანი

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" რეგისტრირებულია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 31/12/1998 წ., რეგისტრაციის №5/9-98, ს/კ 202910252.

1.2. ასოციაციის სრული სახელწოდებაა - ა(ა)იპ "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" (შემდგომში - "ასოციაცია").

1.3. ასოციაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობის, საკუთარი წესდებისა და სხვა დოკუმენტების შესაბამისად.

1.4. ასოციაცია არის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და შეიძლება ქონდეს განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საქართველოს და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.

1.5. ასოციაცია უფლებამოსილია იქონიოს ბეჭედი.

1.6. ასოციაციის იურიდიული და ფაქტიური მისამართია:  

მაჩაბელის 13, თბილისი, საქართველო

1.7. ასოციაციის ელექტრონული მისამართებია:

-      dir@gpba.ge; info@gpba.ge

                         

მუხლი 2

მიზნები

2.1. ასოციაციის მიზნებია:

ა) წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საერთო ინტერესების გამოხატვა და დაცვა თავისუფალი ბაზრისა და თანაბარი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით;

ბ) გამოცემის თავისუფლების დაცვა;

გ) საავტორო უფლებების დაცვა;

დ) პროფესიული ეთიკის ნორმების  მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და დაცვა;

ე) წიგნის სექტორის, როგორც დარგის წარმომადგენლობა ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით;

ვ) წიგნის სფეროში დარგის განვითარებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სრულყოფის ხელშეწყობა;

ზ) წიგნის გავრცელებისა და გაყიდვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით;

თ) ლიტერატურული პროცესის განვითარების ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით; ზრუნვა ნებისმიერი ასაკის ადამიანების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, წიგნიერების დონის ამაღლებაზე; ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა; მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის თარგმნის ხარისხის გაუმჯობესება; წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და შესაბამისი სოციალური ინსტიტუტების მხარდაჭერა.

მუხლი 3

საქმიანობის ფორმები

3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:

ა) ლობირებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საგამომცემლო და მომიჯნავე სფეროების საქმიანობის მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტებთან;

ბ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან;

გ) ეწევა საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას  სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორში; აწყობს სემინარებსა და კონფერენციებს, ახორციელებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სხვა აქტივობებს ასოციაციის მიზნების შესაბამისად;

დ) ორგანიზებას და პროპაგანდირებას უწევს ეროვნულ და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებს, ფესტივალებს, წიგნისა და საავტორო უფლებათა დღის აღნიშნვას, წიგნთან დაკავშირებულ სხვა პროფესიული ღონისძიებებს  და ხელს უწყობს მათში ქართველ გამომცემელთა თუ გამავრცელებელთა მონაწილეობას;

ე) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

მუხლი 4

წევრობა

4.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე, რომლის საქმიანობა არის საგამომცემლო საქმიანობა ან/და წიგნით ვაჭრობა, რომელიც ეთანხმება ასოციაციის წესდებას და აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებს:

4.1.1. გამომცემლის შემთხვევაში:

ა. გამოცემული აქვს მინიმუნ 3 წიგნი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში (მათ შორის ელექტრონული), რომელსაც მინიჭებული აქვს ISBN;

ბ. იცავს საავტორო უფლებებსა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს; იცავს სექტორის ინტერესებს და კოლეგიალობის პრინციპებს.

4.1.2. წიგნით მოვაჭრის შემთხვევაში:

ა. ვაჭრობს წიგნებით (მათ შორის ელექტრონული), უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ავრცელებს მინიმუმ 20 დასახელების წიგნს, რასაც ადასტურებს მომწოდებლ(ებ)ის მიერ გაცემული წერილობითი ფორმის დოკუმენტი;

ბ. იცავს საავტორო უფლებებსა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს; იცავს სექტორის ინტერესებს და კოლეგიალობის პრინციპებს.

4.2. ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე განაცხადს წარადგენს მხოლოდ მსურველი სუბიექტის უფლებამოსილი პირი. განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულადაც.

4.3. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან პირველივე გამგეობის სხდომაზე. გამგეობა ადგენს პირის წევრად მიღების პროცედურას, საწევრო გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს და ადგენს გაწევრიანების განცხადების ფორმას.

4.4. ასოციაციის ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობები და სარგებლობს ერთნაირი შეღავათებით ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.

4.5. ფიზიკური პირი, საქართველოში საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ასოციაციის საქმიანობის აქტიური მხარდაჭერისათვის, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ასოციაციის საპატიო წევრის წოდება. საპატიო წევრი არ სარგებლობს ხმის უფლებით საერთო კრებაზე და მასზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

4.6. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი წერილობითი (როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული ფორმით) განცხადების საფუძველზე;

ბ) საწევრო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ წესდებით დადგენილი პროცედურით;

გ) საქმიანობის სფეროს ცვლილების შემთხვევაში;

დ) წევრის ლიკვიდაციის შემთხვევაში.

4.7. საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ასოციაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ასევე არღვევს პროფესიული ეთიკის ნორმებს და არ ასრულებს მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებებს.

4.8. ასოციაციის წევრი საწევროს იხდის კვარტალში ერთხელ; თუ წევრი არ გადაიხდის საწევროს ზედიზედ ორი კვარტალი, მას გამგეობის გადაწყვეტილებით  ეგზავნება გაფრთხილება და თუ გაფრთხილებიდან ერთი თვის  განმავლობაში საწევრო გადასახადი არ იქნება სრულად დაფარული, მას ავტომატურად უწყდება  ასოციაციის წევრის სტატუსი.

4.9. ასოციაციის წევრთა სია ქვეყნდება ასოციაციის ვებ-გვერდზე, ხოლო ინფორმაცია ექვემდებარება განახლებას ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ. 

მუხლი 5

წევრთა უფლება-მოვალეობანი

5.1. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობდეს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;

ბ) აირჩიოს და უფლებამოსილი პირის სახით არჩეულ იქნას ასოციაციის მმართველობის ორგანოებში;

გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამებსა და პროექტებში;

დ) მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

ე) ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და რესურსებით;

ვ) ისარგებლოს შეღავათებით ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.

5.2. ასოციაციის წევრი მოვალეა:

ა) დაესწროს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთო კრებებს და არ დატოვოს კრება მის დახურვამდე;

ბ) დაიცვას ასოციაციის წესდება, დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, საავტორო უფლებები და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

გ) გაუფრთხილდეს ასოციაციის საქმიან რეპუტაციას, ავტორიტეტსა და ქონებას;

დ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;

ე) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ასოციაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;

ვ) გადაიხადოს საწევრო გადასახადი გამგეობის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.

მუხლი 6

საერთო კრება

6.1. ასოციაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც ტარდება ყოველი წლის ივნისში.

6.2. საერთო კრების დღის წესრიგი ასოციაციის წევრებს ეცნობებათ საერთო კრებამდე არაუგვიანეს 14 კალენდარული დღით ადრე. კრებაზე მონაწილეობის უფლებამოსილ წევრს შეუძლია შეიტანოს დამატება დღის წესრიგში კრებამდე 7 კალენდარული დღით ადრე.

6.3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით (ყოველი კენჭისყრისას ქვორუმის მინიმალური ოდენობის არსებობა უნდა გადამოწმდეს), თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.4. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა, ხმის გადაცემა დაუშვებელია.

6.5. საერთო კრება:

6.5.1. ისმენს ასოციაციის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;

6.5.2. დამსწრეთა უმრავლესობით:

ა) ფარული კენჭისყრით  ირჩევს გამგეობის წევრებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება არჩევნების მეორე ტური, თუ ხმები ხელმეორედ თანაბრად გაიყო-წილისყრა; თუ არჩეული კანდიდატი უარს იტყვის გამგეობის წევრობაზე, მაშინ გამგეობაში არჩეულად ითვლება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე შემდგომი კანდიდატი;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგში საკითხის დამატების თაობაზე;

გ) ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადასაწყვეტად არ არის განსაზღვრული სხვა რაოდენობა ასოციაციის წესდების მიხედვით.

6.5.3.  დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით:

ა) იღებს ასოციაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში;

ბ.) იღებს გადაწყვეტილებას წევრის ასოციაციიდან გარიცხვის შესახებ;

გ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის შესახებ;

დ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის გამგეობის წევრთა რიგგარეშე არჩევნების დანიშნვის შესახებ.

6.5.4. წევრთა ოთხი მეხუთედით იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ;.

6.6. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა:

ა) გამგეობის მოთხოვნით;

ბ) თავმჯდომარის მოთხოვნით;

გ) ასოციაციის წევრთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

6.7. რიგგარეშე საერთო კრება ინიშნება მოთხოვნიდან არაუგვიანეს ოცდაათი კალენდარული დღისა.  წერილობითი მოთხოვნა, რიგგარეშე კრების ჩატარების თხოვნით, ხელმოწერებით დადასტურებული, ბარდება  გამგეობის თავმჯდომარეს. წერილობითი მოთხოვნის წარდგენის თარიღი ითვლება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის ვადის ათვლის წერტილად. მოთხოვნის შესვლიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა აღმასრულებელი დირექტორი გეგმავს კრების ჩატარების დროსა და ადგილს და აცნობებს ამის შესახებ ასოციაციის წევრებს.

6.8. საერთო კრებას უძღვება ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც აკეთებს მოხსენებას დღის წესრიგში არსებული საკითხების შესახებ და იძლევა განმარტებას მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობის თაობაზე.

6.9. წევრთა ერთი მეხუთედის მოთხოვნის შემთხვევაში კრებას დაესწრება და მის მიმდინარეობას შეადგენს ნოტარიუსი.

6.10. კრება ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას არა ნაკლებ ორი პირის შემადგენლობით.

6.11. კრება განსაზღვრავს კრების მიმდინარეობის სარეგლამენტო და პროცედურულ საკითხებს.

6.12. ასოციაციის საერთო კრებაზე წევრებს შეუძლიათ დღის წესრიგში მოითხოვონ განსახილველი საკითხების დამატება.

6.13. საერთო კრების მიმდინარეობის დროს საკითხის დღის წესრიგში შეტანის ინიცირება ხდება არანაკლებ ხუთ წევრიანი ჯგუფის მიერ. ინიცირების შემდეგ ტარდება კენჭისყრა დასმული საკითხის დღის წესრიგში ჩასმის გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

6.14. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ იწყება საკითხთა განხილვა.

6.15. საკითხები განიხილება დღის წესრიგით დადგენილი თანმიმდევრობით, თანმიმდევრობის შეცვლა ხდება კენჭისყრით.

6.16. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა სრულად განხილვის შემდეგ ან კენჭის ყრამდე საერთო კრებაზე ქვორუმის არ არსებობის შემთხვევაში,  კრება იხურება.

მუხლი 7

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

7.1. ასოციაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებენ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

7.2. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილნი არიან ასოციაცია წარმოადგინონ მესამე პირთა წინაშე დამოუკიდებლად და სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

7.3. ასოციაციის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ფინანსურ საკითხებში და ფინანსურ ინსტიტუციებთან ურთიერთობისას ახორციელებს მხოლოდ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. გამგეობის თავმჯდომარე მხოლოდ ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსურ საქმიანობას.

7.4. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად და გულისხმიერად.

მუხლი 8

გამგეობა

8.1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა შვიდი წევრისაგან შემდგარი ასოციაციის გამგეობა, რომლის წევრებსაც ორი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ორი წევრით. გამგეობის წევრად არ შეიძლება აირჩეს ის პირი, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე.

8.2. გამგეობის სხდომები იმართება ყოველთვიურად. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამგეობის წევრებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე არაუგვიანეს სამი დღით ადრე, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.

8.3. გამგეობის სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, კერძოდ, წევრების მიერ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ელექტრონული ფოსტით მიღების შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში დაფიქსირებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

8.4. გამგეობა:

ა) გამგეობის წევრთაგან ღია კენჭისყრით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს; თავმჯდომარის წარდგინებით გამგეობის წევრთაგან ღია კენჭისყრით ირჩევს მის მოადგილეს;

ბ) ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის წარსადგენად აქვეყნებს კრებამდე ორი კვირით ადრე;

გ) თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;

დ) ღია კენჭისყრით წყვეტს ასოციაციის წევრად მიღების საკითხებს;

ე) გამაფრთხილებელი წერილით მიმართავს ასოციაციის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ასევე თავს არიდებს საწევროს გადახდას;

ვ) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

ზ) ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად;

თ) ამტკიცებს ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;

ი) წყვეტს ასოციაციის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;

კ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) ადგენს ასოციაციის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;

მ) თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

ნ) საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ მიმართულებებში უფრო მეტად ორგანიზებული მუშაობისთვის, იღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის (კომიტეტი, კომისია, სექცია, სამუშაო ჯგუფი) შექმნის შესახებ; ამტკიცებს მათ დებულებებს, მუშაობის პრინციპებს, სტრუქტურას და ხელმძღვანელებს;

ო) იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;

პ) ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას თავმჯდომარის, მისი მოადგილის ან/და აღმასრულებელ დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს, მოადგილეს ან/და აღმასრულებელ დირექტორს;

ჟ) აფუძნებს ასოციაციის საწარმოებს და ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

რ) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.

8.4. გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც უკანასკნელ საერთო კრებაზე გამგეობის წევრთა არჩევნებისას დააგროვა ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა. არჩეულ გამგეობის წევრთა შემდეგ. თუ რამდენიმე პირს აქვს თანაბარი რაოდენობის ხმა, მაშინ თანაბარი რაოდენობის მქონე კანდიდატებს შორის ტარდება წილისყრა გამგეობის შეხვედრაზე.  

მუხლი 9

თავმჯდომარე

9.1. ასოციაციის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თავის წევრთაგან 1 წლის ვადით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე სხდომაზე. პირი ასოციაციის თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორზე მეტი ვადით. თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის ყოველ წევრს. ახლად არჩეული თავმჯდომარე ასახელებს თავისი მოადგილის კანდიდატურას. ასოციაციის თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება, შესაბამისად, ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე.

9.2. თავმჯდომარე:

ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად, გარდა საერთო კრების და გამგეობის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა;

ბ) ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;

გ) წარმოადგენს ასოციაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში;

დ) ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ ქონების მართვას;

ე) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;

ვ) გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

ზ) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე (არყოფნისას, ან სხვა საჭიროებისას) ასრულებს მის ფუნქციებს;

თ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

9.3. მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

9.4. ასოციაციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის მის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილებათა განხორციელებას დატვირთვის ან ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.  

მუხლი 10

აღმასრულებელი დირექტორი

10.1. აღმასრულებელ დირექტორს 3 წლის ვადით თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს  ასოციაციის  გამგეობა.

10.2. აღმასრულებელი დირექტორი:

ა) მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას გარდა საერთო კრების და გამგეობის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა;

გ) გაწეული საქმიანობის შესახებ 6 თვეში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს გამგეობას;

დ) გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად დამოუკიდებლად განკარგავს ასოციაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;

ე) ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს და მათი განხორციელების გეგმას;

ვ) დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ასოციაციის სახელით;

ზ) თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებს;

თ) თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის თანამშრომლებს.

10.3. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის წესი განისაზღვრება წესდებით და შრომითი ხელშეკრულებით.

10.4. აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის თავმჯდომარე.

10.5. აღმასრულებელი დირექტორი უზრუნველყოფს საერთო კრების, გამგეობის, (და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასოციაციის სხვა სტრუქტურული ერთეულების) სხდომათა ოქმების შედგენასა და გავრცელებას ასოციაციის წევრებს შორის.

10.6. აღმასრულებელი დირექტორი ადგენს შიდა (ასოციაციის წევრებს შორის, გამგეობის წევრებს შორის), გარე (სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო, კომერციულ ორგანიზაციებთან) და საერთაშორისო მიმოწერის რეგლამენტს. რეგლამენტის აუცილებელი პირობაა მიმოწერის საჯაროობა და მისი შენახვა მინიმუმ ორ ელექტრონულ მატარებელზე მუდმივად.

მუხლი 11

ასოციაციის ქონება

11.1. ასოციაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა, პროექტებიდან მოზიდული დაფინანსებითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

11.2. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

მუხლი 12

ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა

12.1. ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

12.2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება განაწილდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12.3. ასოციაციის ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

წესდება დამტკიცებულია ასოციაციის წევრთა საერთო კრების მიერ 2018 წლის 14 ივნისს.

პარტნიორები