საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ფინეთი იქნება

 

2019 წლის თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ფინეთი იქნება. ფოკუს ქვეყნის პროგრამა განხორციელდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული ორგანიზაციის, ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდ „ფილის“ (FILI-Finnish Literature Exchange) ორგანიზებით.  2014  წელს  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი  – “Finnland. Cool.” –  სწორედ „ფილის“ ხელმძღვანელობით განხორციელდა და ფინეთი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საპატიო სტუმარ ქვეყნად ითვლება. 2019 წელს,  აღნიშული პროექტის 5 წლის თავზე ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდს დაგეგმლი აქვს ღონისძიებების სერია  სლოგანით - „ჩაუყარე საძირკველი მომავალს“ (“build a structure for the future“). სწორედ ამ ღონისძიებების სერიის ფარგლებში განხორციელდება თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის პროექტიც.

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით,  თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ფინელი მწერალები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი.  ფესტივალის ფარგლებში ფინელი ავტორები გამართავენ შეხვედრებსა და პანელ დისკუსიებს ქართველ მწერლებთან ერთად.

 

ფინეთის, როგორც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის პროექტის ფარგლებში თბილისს ასევე ეწვევა ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ფინურ-შვედური გამომცემლობის Forlaget ხელმძღვანელი ფრედრიკ რაჰკა, რომელიც გახლავთ საქართველოში კარგად ცნობილი საბავშვო მწერლის ტუვე იანსონის გამომცემელი და „მუმინ ჩერიქთერზის“ (Moomin Characters) საგამომცემლო დირექტორი. ფესტივალის ფარგლებში ფრედრიკ რაჰკა გამართავს შეხვედრას, სადაც ისაუბრებს ტუვე იანსონისა და „მუმინების“ თავგადასავლისა და წარმატების შესახებ.

 

აქვე, გაცნობებთ, რომ უკვე ცნობილია 2020 წლის, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანაც - ამ სტატუსს თურქეთი 2 ივნისს, წლევანდელი ფესტივალის დასკვნით დღეს, ფინეთისგან საზეიმოდ ჩაიბარებს. თურქეთს, როგორც ფოკუს ქვეყანას 2020 წელს თურქეთის ეროვნული წიგნის კომიტეტი წარადგენს.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“. 

 

პარტნიორები