განხორციელებული პროექტები
საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული"
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ 2022 წელს მეორედ გამოცხადდა. პრემიის ოთხ ნომინაციაში 55 წიგნი იყო წარდგენილი. მოკლე სიაში 11 მათგანი მოხვდა.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო პროზაული წიგნი
- საუკეთესო პოეტური წიგნი
- საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
- საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი
ნომინაციების გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი და 2500 ლარიანი პრემია.
პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, შარშან დაარსდა. წლის საუკეთესო პროზაული წიგნი გახდა „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ (ავტორები: ალექს ჩიღვინაძე და ანა ჯანელიძე, გამომცემლობა „ზოლიანი კატა“), წლის საუკეთესო პოეტური წიგნის ნომინაციაში გაიმარჯვა წიგნმა „გამოიცნონ პატარებმა“ (ავტორი ნათია ჯანაშია, გამომცემლობა „პალიტრა L“), წლის საუკეთესო ილუსტრირებულ წიგნებად დაასახელეს „მგელი მითებსა და ზღაპრებში“ (ავტორი გიორგი ჯინჭარაძე, გამომცემლობა „ზოლიანი კატა“) და „ნაცარქექია“ (ავტორი ვარლამ ჯმუხაძე, გამომცემლობა „არტანუჯი“), ხოლო წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებით წიგნად - „უჩვეულო კვირადღე“ (ავტორი მარიამ წიკლაური, გამომცემლობა „ბაკმი“).
პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.
წარმოგიდგენთ პრემიის გამარჯვებულებს:
წლის საუკეთესო პროზაული წიგნი
ხვლიკი კოსტას ამბები - აკაკი დაუშვილი, გამომცემლობა მერიდიანი;
წლის საუკეთესო პოეტური წიგნი
ბეღურების ბაღი - რობერტ მესხი, გამომცემლობა სამშობლო;
წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა - ხატია ჩიტორელიძე, გამომცემლობა ინტელექტი;
წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებით წიგნი
მითიური გმირები და მათი სამყარო - ინგა ანთიძე, გამომცემლობა არტანუჯი;