საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საქართველოში მერვედ აღინიშნა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 1-ელ თებერვალს, საქართველოში უკვე მერვედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა!

 

საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, 1-ელ თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო ლექცია - „რას ვკარგავთ, როცა გამოხატვის თავისუფლებას ვკარგავთ?“. საჯარო ლექციას ლევან ბერძენიშვილი, თამარ ლებანიძე და ივა ფეზუაშვილი უძღვებოდნენ.

 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ, ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე, უკვე მერვედ გამოავლინა და დააჯილდოვა წლის წიგნის ქომაგი.

 

2023 წლის წიგნის ქომაგი შოთა არველაძე გახდა. მას ჯილდო ღონისძიების საზეიმო საღამოზე ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა გადასცეს.

 

წიგნის ქომაგის ჯილდო შოთა არველაძეს მიენიჭა 2022 წელს ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც მისი მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ ვერ შედგებოდა და რომლის შედეგადაც საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება მოხდა. შესაბამისად, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაეზარდათ ხელმისაწვდომობა ახალ და თანამედროვე გამოცემებზე. 

 

ასევე იმ პროექტებისთვისა და ინიციატივებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას, მათთვის განათლების, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის ხაზგასმას: 2022 წელს 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტის იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაგზავნისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასასწრებად; ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიცემისთვის, რომ საკუთარი შრომით მიღწეული წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია; 

 

2019 წელს, ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული საქველმოქმედო პროექტისთვის „ფეხბურთი ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ 150 მოზარდს შესაძლებლობა მიეცა მთელი წლის განმავლობაში მწვრთნელის ხელმძღვანელობით ევარჯიშა; 

 

შეგახსენებთ, რომ წლის წიგნის ქომაგის ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში. ამას გარდა, ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ვახტანგ ბერიძეს (2022), ნინო კასრაძეს (2021), პროექტს ,,წიგნების თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

პარტნიორები