საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ომი, როგორც გამოცდილება - გამომცემლები უკრაინის მხარდასაჭერად

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ზუსტად ერთი წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით, გამომცემელთა სექტორი კიდევ ერთხელ ერთიანდება უკრაინის მხარდასაჭერად და მწერალთა სახლში მართავს ღონისძიებას - „ომი, როგორც გამოცდილება“. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შეხვედრები. გაიმართება უკრაინის მხარდასაჭერად გამოცემული წიგნების პრეზენტაცია და დისკუსიები.

ღონისძიებას ექნება საქველმოქმედო ნაწილიც, რომლის ფარგლებშიც დისკუსიების პარალელურად მოხდება უკრაინელი ავტორების წიგნების, თარგმანების, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოცემული უკრაინის მხარდასაჭერი კრებულების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, გამოიფინება და გაიყიდება უკრაინელი ბავშვების ნახატებისგან შექმნილი ღია ბარათები.

გარდა ამისა, მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ და დააგემოვნონ უკრაინელი ლტოლვილების მიერ მომზადებული საჭმელები.  შემოსული თანხა კი უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯება.

ღონისძიება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება და 16:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება.  პირველი ნაწილი იმ წიგნების პრეზენტაციას დაეთმობა, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად და საქველმოქმედო მიზნებით გამოიცა ბოლო თვეების მანძილზე.

ღონისძიების შემდეგი ნაწილი დაეთმობა მწერალ რაულ ჩილაჩავასთან შეხვედრას. მწერალი იმ წიგნებს წარადგენს, რომლებიც უკრაინულ თემატიკაზე დაწერა და ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე, რომელიც ასევე უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, გამომცემლობა „დიოგენე“ გამართავს დისკუსიას, სადაც მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ ომის გამოცდილებაზე, როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ ჭრილში. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ კონფლიქტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ხედვას ამ საკითხებზე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და გამომცემლობები „დიოგენე“, „ზიარი“, „პალიტრა L“, „საქწიგნი“, „სეზანი“ და „სიესტა“.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები