საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით  ფიზიკური სახით Expo Georgia-ში ჩატარდება.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და საგამოფენო სივრცე ტრადიციული 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებლებს. ეს ცვლილება აუცილებელია ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად, რადგან Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში სტუმრობის მსურველთათვის იარსებებს წინასწარი რეგისტრაციის სისტემა.

ამასთანავე, ფესტივალი მომხმარებელს გარდა წიგნების შეძენის ტრადიციული ფორმისა, ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს: Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში  უშუალოდ გამომცემლობების სტენდებზე შეძენა; Expo Georgia-ს ეზოში, პავილიონში შეუსვლელად, წინასწარ შერჩეული წიგნების გამომცემლობების ოპერატორებთან შეძენა; წიგნების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს წიგნის გამომცემლეთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე www.gpba.ge.

ამჟამად ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. თითოეული მონაწილე ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.

თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამისთვის მთავარი სცენა განთავსდება Expo Georgia-ს ეზოში, ღია ცის ქვეშ. სცენა ექვსი საფესტივალო დღის განმავლობაში სრულად დატვირთული იქნება და მასზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ახალი წიგნების პრეზენტაციებს და შეხვედრებს ქართველ მწერლებთან; უცხოელი ავტორების ვიდეოჩართვებს; საბავშვო პროგრამას; საგამომცემლო-პროფესიულ პროგრამას და ა.შ.

ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა აუცილებელი ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი.

ფესტივალის მეგობარია თიბისი.

 

 

ვიდეო გალერეა
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები