საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

არა ინტელექტის ოკუპაციას!

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აკეთებს ოფიციალურ განცხადებას საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და ზოგადად ხელოვნების სფეროში არსებული რუსული საფრთხის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვას უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ასოციაციის საქმიანობის პროგრესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბოლო წლებში. ასოციაციის მეშვეობით კუთვნილ ჰონორარს რეგულარულად იღებს ასობით ხელოვანი და ეს ორგანიზაცია აღიარებულია წარმატებულ მოდელად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

დღესდღეობით ამ ყველაფერს საფრთხე ემუქრება რუსეთის მხრიდან. რუსეთის მიერ დაფუძნებულ ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის გამო, რუსეთმა გადაწყვიტა ასოციაციის დასუსტება და ქართულ ხელოვნებაზე გავლენის მოპოვება. ამ მიზნით მან დასაყრდენად მოძებნა რუსეთის მიმართ სენტიმენტალურად განწყობილი და იქ მოღვაწე მომღერლები, რომლეთა მეშვეობითაც ცდილობს ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას. უნდა ითქვას, რომ ასეთი ორგანიზაციის შექმნა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ მართული ორგანიზაცია, დისკრედიტაციის, მოსყიდვისა და ტყუილის გზით ცდლობს ასოციაციის დასუსტებას და სისტემის მოშლას, რაც პირდაპირ აისახება ქართველ ავტორთა და შემსრულებელთა ჰონორარზე და გამოიწვევს მის მკვეთრად შემცირებას. რაც მთავარია ეს ყველაფერი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს და უარყოფითად აისახება მთლიანად ქვეყნის იმიჯზე, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობებში.

რუსული აგრესიის შეჩერების მიზნით, ასოციაციამ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია - არა ინტელექტის ოკუპაციას! საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. ჩვენ ვუერთდებით კამპანიას და მოვუწოდოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს გაერთიანდეს კამპანიაში. არ დავუშვათ ქართული სახელოვნებო სივრცის რუსეთის ხელში აღმოჩენა!

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის Facebook-ისა და Youtube-ს ოფიციალურ გვერდებზე: 

 

პარტნიორები