საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

რეგიონული ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი იწყება!

28-29 სექტემბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდი არველაძის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ განხორციელდება ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი. პროექტის ფარგლებში საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად გადაეცემა 900 ლარიანი ვაუჩერი, რომელთა განაღდებასაც ისინი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ 30-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის სტენდთან შეძლებენ.

პროექტს ოფიციალურად, 28 სექტემბერს 12 საათზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ფონდი არველაძის დამფუძნებლები, რევაზ და არჩილ არველაძეები გახსნიან.

საქართველოს ცენტრალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტის ფარგლებში, ბიბლიოთეკარებს საშუალება ეძლევათ სპეციალური კატალოგის მიხედვით, რომელიც მონაწილე გამომცემლების უახლეს გამოცემებს აერთიანებს, თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნები.

პროექტის მიზანია, ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად შეავსონ წიგნადი ფონდები გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ასევე გულისხმობს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც.

შეგახსენებთ, რომ პროექტს გამომცემელთა ასოციაცია 2012 წლიდან კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებდა, წელს კი პირველად, პროექტს კერძო პარტნიორი ჰყავს და მას შოთა არველაძის პირადი ინიციატივით, ფონდი არველაძე აფინანსებს. სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ჩართულობა და ინიციატივები კერძო პირებისგან.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები