საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია 11-12 აპრილს გაიმართება

11-12 აპრილს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ერთობლივი ინიციატივით, გაიმართება კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია.

რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ოცდაათამდე გამომცემელი და სფეროს ექსპერტი ესტუმრება არა მხოლოდ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა), არამედ ევროპიდან და ამერიკიდანაც. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) და „პენ ამერიკის“ წარმომადგენლებიც. უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, კონფერენციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უკრაინელი მონაწილეები კონფერენციას ონლაინ შემოუერთდებიან, შესაბამისად, ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. რუსეთი კი, რომელიც ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მიეკუთვნება, ბოიკოტის ნიშნად, კონფერენციაზე მოწვეული არ იქნება.

კონფერენცია, ძირითადად, პანელ-დისკუსიების ფორმატში წარიმართება. 

ღონისძიება 11 აპრილს 10:00 საათზე დაიწყება. კონფერენციას გახსნიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ კასიმი. 

სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://bit.ly/3xh6mT2

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები