საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2022

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2 თებერვალს, საქართველოში უკვე მეშვიდედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა!

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.ასოციაციის ინიციატივით, საქართველო ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდა მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორია „Litworld”.

პანდემიიდან გამომდინარე წლევანდელი ღონისძიებები კვლავაც ონლაინ რეჟიმში გაიმართა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს წელსაც შემოუერთდნენ სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები, ბიბლიოთეკები და სხვა. ქართველმა ავტორებმა შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეეს, ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობაზე და წაიკითხეს ტექსტებს. ღონისძიებაში სამოცამდე საგანმანათლებლო დაწესებულება და ამდენივე ავტორი იყო ჩართული, მათ შორის დიანა ანფიმიადი, ლევან ბერძენიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ტორესა მოსი, ანდრო დგებუაძე, ზვიად კვარაცხელია, ლელა ცუცქირიზე, ვასო გულეური და სხვა.

2 თებერვალს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ერგნეთს ესტუმრა, სადაც აგვისტოს ომის მუზეუმის საგანმანათლებლო სივრცეში მედიათეკა შეიქმენა. ასოციაციის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკის გასახსნელად წიგნები ჩაიტანეს და ადგილობრივ მოზარდებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს.

საჯაროდ კითხვის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია თემაზე "რამდენს ბედავს ლიტერატურა". დისკუსიაში მონაწილეობდნენ ზვიად კვარაცხელია, ზაალ ჩხეიძე და ანი კოპალიანი. მათ ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც შემოქმედებითი და ლიტერატურული პროცესი დგას პანდემიისა და სხვა ტიპის შეზღუდვების პირობებში. დისკუსიის ბოლოს კი საჯაროდ წაიკითხეს ფრაგმენტები მათთვის გამორჩეული ლიტერატურული ტექსტებიდან.

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეშვიდედ გამოვლინდა და დაჯილდოვდა წლის წიგნის ქომაგი. 2022 წლის წიგნის ქომაგი ვახტანგ ბერიძე გახდა. ვახტანგ ბერიძე შუახევის ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელია. მას ჯილდო ღონისძიების საზეიმო საღამოზე ასოციაციის თავმჯდომარემ, რუსუდან მოსიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა გადასცეს. წიგნის ქომაგის ჯილდო რეჟისორ ვახტანგ ბერიძეს მიენიჭა აჭარაში წიგნიერების პოპულარიზაციაში, განათლების გავრცელებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის; 2013 წელს ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დაარსებისთვის, რომელიც 2022 წელს უკვე მეათედ გაიმართება, და რომელიც არა მხოლოდ თანამედროვე ქართველ ავტორებს მასპინძლობს, არამედ ბოლო წლებში საერთაშორისო მასშტაბებიც შეიძინა; იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომლის წყალობითაც, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ფესტივალის ტრადიციული ფორმით ჩატარება გასულ წელსაც მოხერხდა

ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ნინო კასრაძეს (2021), პროექტს ,,წიგნის თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები