საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

საქართველო - საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018

საქართველო – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი - საგამომცემლო პროგრამა

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს საგამომცემლო პროგრამას ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პროფესიონალთა გუნდი უწევს.

საგამომცემლო პროგრამა  მოიცავს 3 ეროვნულ სტენდს და საპატიო სტუმრის პავილიონის მცირე სცენას.

საქართველოს ეროვნული სდენტი (180 კვ. მ.) – მდებარეობს 5.0 ჰოლში (B100).  საქართველოს ეროვნულ სტენდს, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა წიგნის ბაზრობაზე, საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა და სტატუსი ენიჭება. სტენდი წიგნების საგამოფენო და ბიზნეს შეხვედრების სივრცეს სთავაზობს 40-მდე ქართულ გამომცემლობას. ბაზრობის სამი სამუშაო დღის განმავლობაში სტენდზე გაიმართება ბიზნეს საუზმეები და ბიზნეს ლანჩები. ეროვნული სტენდის სცენა - საპატიო სტუმრის საგამომცემლო პროგრამის მთავარი პლატფორმა, ოთხი დღის განმავლობაში დაეთმობა ღონისძიებებს გამომცემლების, ქართველი და უცხოელი ავტორებისა და ლიტერატორების მონაწილეობით.

ქართული სტენდი ARTS+ სივრცეში (28 კვ. მ.) მდებარეობს 4.1 ჰოლში (Q67). არტისა და დიზაინის პავილიონში განთავსებული ქართული სტენდი ემსახურება საქართველოს პოტენციალის გამოვლენას ხელოვნების სფეროსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებში. სტენდზე გამოყოფილია სამი სხვადასხვა სივრცე. საგამოფენო სივრცეში იპოვით ქართულ წიგნებს ხელოვნებისა და დიზაინის შსახებ, ფოტო-წიგნებს, არტ-წიგნებს და სხვა.

მეორე სივრცეში წარმოდგენილია მუდმივი ინსტალაცია, ინოვაციური არტ-პროექტი Oraculum 0.1  (მოლაპარაკე ავატარები). პროექტის ავტორები არიან ზურა ჯიშკარიანი და სანდრო ასათიანი. ხელოვნური ინტელექტის მქონე სამი ავატარი სამ ეკრანზე იქნება წარმოდგენილი. თითოეული მათგანი პერსონაჟია, ორიგინალური განეგნობით და ხასიათის შტრიხებით. ავატარებს აქვთ სქესისა და ასაკის ამოცნობის ფუნქცია და მეტყველების უნარი - ისინი საუბრობენ ლიტერატურის ენით. ავატარები ემოციებისა და ალგორითმების ინტერაქციას წარმოადგენენ.

მესამე სივრცე საერთო სტენდია კორპორაცია მონოტაიპთან. ამ ინტერაქციულ სტენდზე ვიზიტორები გაეცნობიან ქართულ ანბანს და მონოტაიპის მიერ შექმნილ შრიფტებს. ეს თანამშრომლობა ქართული კულტურის უნიკალური ელემენტის - დამწერლობის წარმოჩენას ემსახურება. სტენდზე ასევე იქნება აქტივობები:  ქართველი კალიგრაფისტი ვიზიტორებს წარუდგენს ქართულ დამწერლობას, დაეხმარება მათ ქართული ანბანის წერაში და სამახსოვრო ბარათებს შექმნის მათთვის; სპეციალური პრინტერი ვიზიტორებისთვის სამახსოვროდ მომენტალურად დაბეჭდავს საფოსტო ბარათებს ქართული დამწერლობით. 

კიდევ ერთი მუდმივი ინსტალაცია ARTS+ პავილიონში იქნება ჩეთბოტების წარდგენა „მოლაპარაკე ავატარების“ ავტორების მიერ. ისინი ეკრანებისა და კლავიატურის გამოყენებით საშუალებას მისცემენ ვიზიტორებს, გაესაუბრონ მათ მიერ შექმნილ ჩეთბოტებს და ასევე გააცნობენ ჩეთბოტის აგების პროცესს. 

ქართული საბავშვო ლიტერატურის სტენდი (24 კვ. მ.) – მდებარეობს 3.0 ჰოლში (F152).

სტენდის სივრცე ეთმობა საბავშვო ლიტერატურას. სტენდზე გამოიფინება ქართველი გამომცემლობების საბავშვო წიგნები და ქართველი არტისტების მიერ შესრულებული ილუსტრაციები. პატარა სტუმრებისთვის სტენდზე ხელმისაწვდომი იქნება ციფრული თამაშები და აპლიკაციები.

50-მდე ქართული საბავშვო წიგნი ასევე გამოიფინება ბაზრობის სპეციალურ სივრცეში - ფრანკფურტის საბავშვო ფოიეში (U56 A1). ფოიეში განთავსებულ LED ეკრანზე სხვა ილუსტრაციებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართველი არტისტების ნამუშევრები.

საგამომცემლო პროგრამის არანაკლებ მნიშნელოვანი ნაწილი - 16 ღონისძიება, რომლებზეც წარვადგენთ ქართულ პოეზიას, არტ წიგნებსა და დოკუმენტურ პროზას, გაიმართება საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მცირე სცენაზე (10-13 ოქტომბერს 14:00-16:00 საათებში). აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცემა გაეცნონ ქართველ ავტორებს და ხელოვანებს და დაესწრონ მათ მიერ პროექტების წარდგენას, მოკლედ გაეცნონ ქართულ კულტურას.

ქართული საგამომცემლო პროგრამის ნაწილია ასევე თანამედროვე და კლასიკური ქართული საბავშვო ლიტერატურის წარდგენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საბავშვო სცენაზე. თავად ავტორები და მოდერატორები მოუთხრობენ აუდიტორიას წიგნების შესახებ, წარუდგენენ ილუსტრაციებს და ზოგადად ისაუბრებენ ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე.

გელით, ეწვიეთ ჩვენს სტენდებს, დაესწარით საგამომცემლო პროგრამის ღონისძიებებს და აღმოაჩინეთ #Georgiamadebycharacters.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს საგამომცემლო პროგრამის საორგანიზაციო გუნდი: http://gpba.ge/ge/members/26/

ფოტო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები