საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

საქართველოს ეროვნული სტენდი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

10-12 აპრილს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახალი ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი. სტენდის დიზაინი პროექტის "ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველო" კონცეფციის მიხედვით შეიქმნა და მისი მთავარი თემა ქართული ანბანია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეექვსედ იქნება წარმოდგენილი და ტრადიციულად, ბრიტანული წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროექტს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის მხარდაჭერით ახორციელებს. 

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მონაწილეობისა და ეროვნული სტენდის ორგანიზების მიზანია ხელი შეუწყოს უცხოურ გამომცემლებში ქართული წიგნისა და ქართველი ავტორებისადმი ინტერესის ზრდას; გამართოს საქმიანი შეხვედრები მონაწილე ქვეყნების გამომცემლებთან და მათ ასოციაციებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებთან თანამშრომლობაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარდგენას ემსახურება.

ლონდონის წიგნის ბაზრობა პირველად 1971 წელს ჩატარდა, ხოლო დღევანდელ სახელწოდებას 1977 წლიდან ატარებს. საერთაშორისო წიგნის ბაზრობებს შორის ლონდონის წიგნის ბაზრობას ინდივიდუალური ნიშა აქვს - მისი ცენტრალური თემა და ინტერესის საგანი საავტორო უფლებებია. ლონდონის წიგნის ბაზრობის პლატფორმა დიდწილად საგამომცემლო დარგის სპეციალისტებზეა გათვლილი - ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ავტორებისა და მათი წიგნების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ფოტო გალერეა
პარტნიორები