საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ონლაინ

#იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 3 თებერვალს, უკვე მეექვსედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება!

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ასოციაცია წელს კვლავაც ისახავს მიზნად, საქართველოც ტრადიციულად შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. პროექტის მეგობარია თიბისი, რომელიც ყველა მოსწავლესა და სტუდენტს, ვინც წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს გამართულ ავტორების ლაივებს დაესწრება, გადასცემს უფასო წვდომას საბას ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე. საერთაშორისო ორგანიზატორი გახლავთ „Litworld”.

პანდემიიდან გამომდინარე წლევანდელი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართება. 3 თებერვალს, 12 საათზე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნის ღონისძიება გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს მიეძღვნება, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა. ონლაინ შეხვედრაზე მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ დათო ტურაშვილი, ზვიად კვარაცხელია, გიორგი კეკელიძე და გვანცა ჯობავა, რომლებიც წაიკითხავენ ფრაგმენტებს მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტის" ბაჩანა ბრეგვაძისეული თარგმანიდან.

გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში 70-მდე ქართველი მწერალი ონლაინ შეხვედრებს გამართავს სკოლებსა და უნივერსიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით, წაიკითხავენ ლიტერატურულ ტექსტებს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად და კიდევ ერთხელ გაამახვილებენ ყურადღებას წიგნიერების მნიშვნელობაზე.

ღონისძიება 3 თებერვალს, 6 საათზე ოფიციალურად დაიხურება მთარგმნელ ხათუნა ცხადაძის, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძისა და პოეტ პაატა შამუგიას დისკუსიით თემაზე - „ადამიანი და სახელმწიფო: გამოწვევა და გამოსავალი“. სპიკერები ტრადიციულად მიმოიხილავენ გასული წლის აქტუალურ სოციალურ-პოლიტიკურ თემებს, განიხილავენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მომავლის პერსპექტივებს ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის კონტექსტში, ისაუბრებენ ლიტერატურულ ანალოგებზე. საუბრის ბოლოს კი საჯაროდ წაიკითხავენ ლიტერატურულ ტექსტებს.

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეექვსედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმდჯომარე, რუსუდან მოსიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი წარადგენენ. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: პროექტს ,,წიგნების თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016). წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნისა და დახურვის ღონისძიებებს შეგიძლიათ შეუერთდეთ ფეისბუქ გვერდებზე:

თუ გაქვთ სურვილი თქვენი ორგანიზაცია/დაწესებულება ჩაერთოს ღონისძიებაში, გთხოვთ, 22 იანვრის ჩათვლით მოგვწეროთ მეილზე: info@gpba.ge

ღონისძიების ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გახდეს ღონისძიების მონაწილე.

უბრალოდ გადაიღეთ ფოტო/ვიდეო ან მოიფიქრეთ ორიგინალური იდეა წიგნის ხმამაღლა კითხვასთან დაკავშირებით და ჩვენ თქვენს აქტივობებს სოციალურ ქსელებში აუცილებლად გავავრცელებთ!

იმისათვის, რომ თქვენი აქტივობები გაზიარდეს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, გთხოვთ, პოსტში მონიშნოთ შემდეგი გვერდები: GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia და დაამატეთ ჰეშთეგები: #WorldReadAloudDay #WRAD2021

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები